მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დაინიშნა

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დაინიშნა რომელიც დასს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა  5 მარტს წარუდგინა.

შეხვედრას დასის წევრები, ადმინისტრაციისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გოგი მარგველაშვილი ოთხი წლის ვადით დაინიშნა.

თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობის დაუფლების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

2009 წლიდან დღემდე ის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

გოგი მარგველაშვილი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის (1994 წ.), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (1996 წ.), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (2001 წ.), პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004 წ.) და სხვა.

 

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *