მსახიობ ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა

მსახიობ ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა. დაიბადა 1934 წლის 8 მარტს, თბილისში.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ – რუსთაველის თეატრის, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1985 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. მან საინტერესო სცენური სახეები შექმნა ამ თეატრის სპექტაკლებში: „საქმე“, „წუთისოფელი ასეა“, „კილი და დუ“, „დედა“, „ეროვნული ჰიმნი“, „სამეფო ოჯახი“, „ზვავი“, „7 პ.პ.“, „ჰამლეტი/მანქანა“ და სხვა.

ლია კაპანაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კინემატოგრაფს. იგი ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 1980 წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და ამ ხნის მანძილზე არაერთი მკაფიო ინდივიდუალობით, დახვეწილი პროფესიონალიზმით, ზომიერი გამომსახველობითი საშუალებებით აღბეჭდილი პერსონაჟი შექმნა ფილმებში: „ზღვის შვილები”, „დიდი მწვანე ველი”, „ფერისცვალება”, „სემირამიდას ბაღები”, „როცა აყვავდა ნუში”, „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ”, „დათა თუთაშხია”, „ძახილი”, „მშობლიურო ჩემო მიწავ”, „კუკარაჩა”, „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა”, „მარტოხელა მონადირე”, „ბოდვა”, „ბედნიერება” და სხვა.

მისალოცი წერილი გამოაქვეყნა კულტურის სამინისტრომ:

“საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ლია კაპანაძეს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებულ საქმიანობას.”- ნათქვამია მისალოც წერილში.

რადიო 24 ასევე ულოცავს ლია კაპანაძეს 90 წლის იუბილეს.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *